23/02/2022
19:55
პოლიტიკა
ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და აღნიშნა, რომ კონსილიუმის წევრები, უცხოელი ექიმები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
„მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი, ცენტრი „ემპათია“, უცხოელი ექიმები, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ერთხმად აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე მძიმდება და მძიმდება, არ ექვემდებარება საქართველოში განკურნებას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის არის შემდეგი – მიხეილ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოურ კლინიკაში, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად. ძალიან დასანანია, რომ ამ ჰუმანიტარული საკითხის გამო გვიწევს პოლიტიკური ბრძოლა. ჰუმანიტარულია ის საკითხი, რომელიც ადამიანის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ეხება“, – აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, პარტიის ყველა აქტივობა დაუკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.
„ჩვენ ვიყავით ბრძოლაში და ვრჩებით ბრძოლაში იქამდე, ვიდრე არ იქნება უზრუნველყოფილი მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც მიმაჩნია, არის თითოეული ჩვენი პარტიის წევრის, ამომრჩევლის, მხარდამჭერის მთავარი ცენტრალური საკითხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, 5 მარტიდან სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართება.
„სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის საპროტესტო აქტივობები გაიმართება სხვადასხვა ქალაქში. 5 მარტს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ველოდებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს და ამ ბრძოლაში არიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
0
0