09/11/2021
14:09
საზოგადოება
„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ პროცესი წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის ძირითადი უფლებების – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვის პრინციპებთან და არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ვითარების ესკალაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დამატებით საფრთხეებს აჩენს.
მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე მე-40 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა იმ ვიტამინების, მედიკამენტების და საკვები დანამატების მიღება, რასაც ის სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით იღებდა. მსჯავრდებულის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებები შიმშილობის ნამდვილობასთან დაკავშირებით, შემდგომ, კი პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოს საჯაროდ გავრცელება, სადაც ჩანს, რომ მესამე პრეზიდენტი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იღებს საკვები დანამატების ულუფას. მსჯავრდებულის შიმშილობის თაობაზე ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება, რომლის მიზანიც იყო შთაბეჭდილების შექმნა, რომ რეალურად შიმშილობას ადგილი არ ჰქონდა, ცალსახად წინააღმდეგობაშია შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო პრინციპსა თუ რეკომენდაციასთან და ასევე არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვისა და ხელშეუხებლობის პრინციპს. შიმშილობის პროცესის სამედიცინო პერსონალის მიერ მართვა უნდა ემყარებოდეს მიდგომას, რომ ის არის პაციენტი და სახელმწიფოს ქმედებების ამოსავალი წერტილი სწორედ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და არა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება უნდა იყოს.
დანამატების შეწყვეტიდან მესამე დღეს, 8 ნოემბერს, საღამოს საათებში მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ იმყოფებოდა. 70 წუთის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებები ოჯახის წარმომადგენლებს, ადვოკატებს, სახალხო დამცველს არ აწვდიდნენ მსჯავრდებულის ადგილმდებარეობისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ კანონმდებლობასთანაც.
მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კონსილიუმის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციებში საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მომხდარიყო მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის მიერ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში N18 დაწესებულების მზაობა შესაბამისი მომსახურების გასაწევად დინამიკაში იქნა შეფასებული. დღევანდელი განცხადებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება მრავალპროფილური კლინიკისთვის წაყენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადასაყვანად, არ შეიძლება შეიზღუდოს დაუსაბუთებელი და აბსტრაქტული საფრთხის პრინციპზე დაყრდნობით. განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ეს რისკები თავად მსჯავრდებულის უსაფრთხოებას არ მიემართება, არამედ მისი მიმალვის აღკვეთის, სასჯელის აღსრულების თუ სხვა მიზანს/ინტერესებს აყენებს წინ ვიდრე, ადამიანის სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაცვას. უფრო მეტიც, ის რისკები, რომელიც შესაძლებელია მსჯავრდებულის კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად იყოს დანახული, სწორედ გლდანის N18 დაწესებულებასთან კავშირში ჩნდება. ამაზე უთითებდა თავად მსჯავრდებულიც და მისი ადვოკატებიც და შესაბამისად, სრულიად გაუმართლებელია მისი სწორედ პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პენიტენციურ სისტემაზე მომზადებულ არაერთ ანგარიშშია[9] გამოთქმული შეშფოთება საპატიმროებში კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ მათი არაფორმალური მმართველობისთვის გამოყენება/ხელშეწყობასთან დაკავშირებით. პენიტენციალურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გაზრდილი გავლენები საფრთხეს უქმნის პატიმრების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას და გასათვალისწინებელია ისიც, კრიმინალური სუბკულტურისა და პენიტენციალური დაწესებულების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პროკურატურა, როგორც წესი, ეფექტიანად არ რეაგირებს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის, N18 სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნა მის მიმართ თავად სხვა პატიმართა მხრიდან წარმოშობს როგორც ფიზიკური, ისე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არასათანადო მოპყრობის რეალურ საფრთხეს. ამ საფრთხეების არსებობა უკვე დადასტურდა 2021 წლის 08 ნოემბრის საღამოს მედიით გავრცელებული კადრებით, რომლებშიც ნათლად ჩანს N18 დაწესებულების პატიმართა ნაწილის აგრესიული შეძახილები მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
დამატებით გასათვალისწინებელია ის ზოგადი პოლიტიკური ფონი, რაც ამ მოვლენებს ახლავს თან. მიხეილ სააკაშვილის ამ ფორმით გადაყვანა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცალსახად ზრდის ვითარების ესკალაციის რისკებს, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის მშვიდობას და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას: ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული სტანდარტების შესაბამისად დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გადაყვანა და მისი, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე პირადი უსაფრთხოების სრულყოფილი დაცვა; ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან;
ორგანიზაციები ასევე მოვუწოდებთ ოპოზიციურ ძალებს: დარჩნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში და თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
0
0