
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება.
„მისი მკურნალობა შეზღუდული არანაირად არ არის. მიხეილ სააკაშვილი იმ აუცილებელ მედიკამენტებს იღებს, რაც მას სჭირდება. პალატაში არც რაიმე დამატებითი აპარატურა შეუტანიათ, რადგან ეს პაციენტს არ ესაჭიროება. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა და ქალბატონმა გიული ალასანიამ იციან, რომ პალატა სრულად იყო აღჭურვილი იმ აუცილებელი ტექნიკით, რაც პაციენტს სჭირდებოდა და ის იმავე პალატაში აგრძელებს მკურნალობას. მიხეილ სააკაშვილის სატურაცია ნორმის ფარგლებშია, ამიტომ მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდება არ სჭირდება. რა საჭიროა სასუნთქი აპარატი?
რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არ ვიცი რატომ. არცერთ შემთხვევაში, ექიმს ან ექთანს მიერ გონების კარგვა არ დაუფიქსირებია. პაციენტს პერსონალური ექთანი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც 24 საათის განმავლობაში პალატაშია.
მე გეუბნებით იმ რეალობას, რაც არის. ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ეს გონების კარგვა იწერება, როგორც ინფორმაცია „პაციენტის გადმოცემით“, მაგრამ დაფიქსირებული არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა PCR ტესტი არ წარმოადგინეს. როგორც „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, სხვა ყველა ადამიანს, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა, PCR ტესტი ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.
„პაციენტთან შესვლა პენიტენციური სამსახურის პრეროგატივაა. რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მოკვლევა დაასრულა. ყველა იმ პირის ტესტის პასუხი, ვისაც პაციენტთან ჰქონდა შეხება, უარყოფითია. ერთადერთი, შემსვლელთა შორის არიან ადვოკატები, რომლებმაც PCR ტესტი არ წარმოადგინეს. შეიძლება სწრაფმა ტესტმა აჩვენოს უარყოფითი შედეგი მაგრამ PCR ტესტი სხვაა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
0
0