
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება, დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა ისაუბრა, როგორ ცდილობდა, გაერკვია სად იმყოფებოდა თავისი შვილი და რა დაემართა მას.
თამარ არღვლიანის თქმით, აიმედებდნენ, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო.
ამასთან, როგორც არღვლიანმა აღნიშნა, დათო ცინდელიანთან დაკავშირებით ორჯერ შეხვდა მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა.
„ვის აღარ შევხვდი, ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს ჩემი განცხადებით, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა დათო ცინდელიანი ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ბანკის წინ ვიდეოთვალიც იყო დამონტაჟებული-მეთქი. ვუთხარი, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა, ისიც ვიცოდი, რომ თბილისის სპეცრაზმს გადააბარეს. სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებიო და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო. ვურეკავდით, ჩავდიოდით ქუთაისში და გვეუბნებოდნენ, ცოცხალია, დაგიბრუნდებათო. ერთ დღეს ისიც გავიგეთ, რომ დათო ცინდელიანი მოკლული იყო აფხაზეთის კუდ-ის უფროს, რომან შამათავას მიერ, მაგრამ სად, როგორ, ეს არ ვიცოდით. ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში, რადგან გვეშინოდა ჩვენც და მოწმეებიც არ მოესპოთ. ჩვენდა საბედნიეროდ, მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ, როგორც კი შეიცვალა სისხლისმსმელი, სადისტური მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა „ოცნების“ მთავრობა, სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს, სად, როგორ, როდის მოხდა. დიდ მადლობას მოვახსენებ ამისთვის ყველას“, – განაცხადა თამარ აერღვლიანმა.
ამასთან, კომისიის სხდომაზე თამარ არღვლიანმა განაცხადა, რომ მისი ოჯახისთვის „კიდევ ერთი დახვრეტის ტოლოფასი იყო“ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გაკეთებული განცხადება რომან შამათავასტან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ის უდანაშაულოდ იჯდა ციხეში.
„სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით გამოდიოდა და თავში ნაცარს გვაყრიდა, ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ის ციხეში რატომ უნდა იჯდესო. ეს იყო კიდევ ერთი დახვრეტა. ალბათ ეშინია, რომ გამოვიდეს და არ გამოიძიოს, კიდევ ვინ არის ამ საქმეში ჩარეული“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.
0
0