
სააკაშვილს უბრალოდ არ შეუძლია, იყოს ჩრდილში, მეორე პლანზე, არ იყოს აქტიური და არ ჩანდეს, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ხედავს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, შეიცვალოს მის მიმართ სიტუაცია, თუ ის ისევ იქნება პოლიტიკურად წონადი.
„ყოველ შემთხვევაში, მას ასე ჰგონია. პოლიტიკურად წონადი ვერ იქნება, თუ არ იქნება პარტია და არ მოხდა მხარდამჭერების კონსოლიდაცია, გინდ პარტიულ და გინდ ამომრჩევლის ნაწილში. მოკლედ, ის ლიდერი უნდა იყოს, პოლიტიკური ფიგურა. ობიექტურად რომ შევხედოთ, ის ფიგურა ისედაც არის, მაგრამ იძულებულია, იყოს აქტიური პოლიტიკური ფიგურა და ამის გამო ყველაფერზე მიდის. გარდა ამისა, მე მას პირადად დიდი ხანია, ვიცნობ, მის ხასიათს და შემიძლია, გითხრათ, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია, იყოს ჩრდილში, მეორე პლანზე, არ იყოს აქტიური და არ ჩანდეს. მას უყვარს, როცა ჩანს“, – განაცხადა არეშიძემ.
წამყვანის შეკითხვაზე, შემცირდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები საპარლამენტო არჩევნებზე იმ შემთხვევაში, თუ მელია პარტიიდან წავა, ან მას გარიცხავენ, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ რასაკვირველია, მელიას წასვლით პარტია ხმებს დაკარგავს.
„ჯერ ერთი, ხმები გაიყოფა. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების ყულაბაში მთავარი აქტორი მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ თუ ახლა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო პარტიის დაშლას და ყველაფერი აქეთკენ მიდის, რასაკვირველია, პარტია ხმებს დაკარგავს. წარმოიდგინეთ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა, ადამიანის, რომელიც თავის დროზე, თავის ნებაზე ატრიალებდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გარშემო ყველაფერს, პლუს, ბევრ დასავლელ პოლიტიკოსს და უცებ, ლევან ხაბეიშვილია მისი კონკურენტი. თან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, რაც ხელის შემშლელი გარემოებაა საარჩევნო პროცესში. ის ვერავითარი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ვერ იქნება, სიის პირველი ნომერი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორი მასზე ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს და მისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ისევ ამ ხალხის თავმოყრა. მოკლედ, მისი გადაწყვეტილებების დომინანტი. თუ სხვისი გადაწყვეტილებების დომინანტი იქნება, მაშინ ის იქნება უბრალოდ, წარმომადგენლობითი ფიგურა, დეკორაცია. მან ეს ძალიან კარგად იცის და შეეცდება, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას. რამდენად გამოუვა, ეს სხვა საკითხია. აი, ეს ყველაფერი, რაც მოვყევი, იწვევს იმ დისონანსს, რაც არის პარტიაში. მერაბიშვილ-კეზერაშვილს აღარ უნდათ მბრძანებელი სააკაშვილი; ფული აქვთ თავისი და ფულით უნდათ, გააკეთონ იგივე. კი ამბობენ, არც ერთი ღამე არ გვძინავს, სააკაშვილზე ვფიქრობთო, მაგრამ სინამდვილეში, არ ფიქრობენ სააკაშვილზე და ფიქრობენ იმაზე, რომ თვითონ მიაღწიონ შედეგს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
0
0