13/04/2023
20:02
პოლიტიკა
„დამიჯერეთ, ციხე ყველას ართმევს ჯანმრთელობას, თან ძალიან სწრაფად“, - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში წერს.
ნავალნი აღნიშნავს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება.
„მინდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ მას არ ვიცნობთ და არასდროს შევხვედრივართ. მის გუნდში არავის ვიცნობ და ჩემთვის ამ პოსტის დაწერა არც არავის უთხოვია.
ჩემდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს და შეიძლება რამე არასწორადაც ვთქვა. ჩემდა კიდევ უფრო დიდად სამარცხვინოდ, რატომღაც, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იყო დაბომბვების ქვეშ, 2008 წელს ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე. ამის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ, ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს.
თუმცა, გადავწყვიტე, დამეწერა როგორც ადამიანს და ქრისტიანს, რადგან ეს ძნელი საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი და მთელი საქართველო იტანჯება. ცუდია, რაც ხდება და ამაში კარგი არაფერია არც მათთვის, ვისაც სურს, რომ სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იყოს.
მჯერა საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავლის. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელსაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, (და სად არ არის ეს?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, განვითარებაზე, ამცირებს ქვეყნის ნორმალური მომავლის შანსს. აქვეითებს მორალს და ქვეყანას ბოროტებით ავსებს.
გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ბევრი დასამახსოვრებელი და შურის საძიებელი აქვთ. და ამაზე მინდა საუბარი, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუმცა ძალიან მინდა, ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს გადაწყვეტილება ჩიხში შემყვანი და სტრატეგიულად ყველასთვის სასტიკი და არახელსაყრელია. ჩვეულებრივ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმას, რომ სახის შენარჩუნება ყველას სურს, მაგრამ, ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები.
სააკაშვილი ძალიან ავადაა და სიმულაციაზე საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ყველას ართმევს ჯანმრთელობას, თან ძალიან სწრაფად. მისი პირობითი სასჯელით, მკურნალობის მიზნით გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, სწორი ნაბიჯი იქნება.
ახლა მართლმადიდებლურ ქვეყნებში წმინდა კვირაა, შემდეგ კვირა კი აღდგომის კვირაა. ახლა კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე მოქმედებისთვის და ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული ქველმოქმედებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამე თუ იგინი შეიწყალნენ“, - წერს რუსი ოპოზიციონერი.
0
0