
რასაც ჩვენ მტკიცებით ფორმაში ვამბობდით, ამერიკის მთავრობამ ზუსტად ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, სადაც დადასტურებულად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ასი ათასობით დოლარს იხდიდნენ იმაში, რომ ევროპარლამენტს მიეღო საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუცია. გახსოვთ ეს რეზოლუციაც და ჩვენი რეაქციებიც. ეს იყო წარმოუდგენელი სიყალბე. რეზოლუცია იყო წარმოუდგენლად არაობიექტური და უსამართლო“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული კომპანიისთვის გადახდილი იყო ფული, რომელმაც ფული იმაში აიღო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტული ჯგუფი შეერჩია, მოელაპარაკებინა და ამ ჯგუფს სააკაშვილის თემაზე მუდმივი პედალირება გაეკეთებინა.
„დოკუმენტები რომ გამოქვეყნდა, გავარკვიეთ, რომ რეზოლუცია იყო სააკაშვილის გარემოცვის მიერ გადახდილი ფულით ლობირებული და ამერკელმა ლობისტებმა, რომლებმაც ეს ფული აიღეს, რეზოლუციის პროექტი დაუწერეს ევროპარლამენტს, ასე გამოდის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გაირკვა, სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მიერ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო დაკვეთილი და ორკესტრირებული საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებული სტატიები, გადაცემები, თავისი სპიკერებით და კითხვების დამსმელებით; საქართველოს პრეზიდენტზე ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით; ექიმები პოლიტიკური კონტრაქტის ნაწილი ყოფილა და არა მკურნალობისთვის პროფესიონალთა მოწვევა და ასევე, დამკვეთი ფულს იხდიდა და ითხოვდა საქართველოს დასანქცირებას.
„ბიბლიაში პირველი ფარისევლები ხომ გახსოვთ? აი, მათაც კი გაუკვირდებოდათ ამათი ფარისევლობა. პარლამენტში რომ გამოდიან და ვითომ სამშობლოს მოყვარული პატრიოტული სახებით საუბრობენ, სინამდვილეში, მაგიდის ქვეშ ფულს იხდიან, რომ საქართველო დასანქცირდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0