
რვაზე მეტი ქვეყანაა, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ უჭერენ. ამ ქვეყნებს შეგნებულად არ ვასახელებთ. მოხარული ვართ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც პროცესებს ჯანსაღად აფასებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ამ ქვეყნებს საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესი აქვთ, მათ შორის სავაჭრო თუ ტრანზიტული ჰაბის მიმართულებით.
„რვა ქვეყანაც არის და მეტიც, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ უჭერს. ამ ქვეყნებს შეგნებულად არ ვასახელებთ. ცუდი გამოცდილება გვაქვს, როცა რამდენიმე ქვეყნის დასახელების შემდეგ, ამ ქვეყნების პოლიტიკოსებზე ზეწოლა განხორციელდა, რათა პოზიციები შეეცვალათ. მით უმეტეს, როცა ეს პროცესი საჯარო არ არის, სამიტის შეხვედრები დახურულია, ამ ქვეყნებს არ ვასახელებთ. ამ ქვეყნების ზოგიერთმა ელჩმა დაგვიდასტურა პოზიციები. მოხარული ვართ, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც პროცესებს ჯანსაღად აფასებენ და არ სურთ, ორმხრივი ინტერესის საკითხი გამოყენებული იყოს პოლიტიკური შანტაჟის, მანიპულაციებისთვის. აქ განსაკუთრებულია არაფერია. ამ ქვეყნებს საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესი აქვთ, როგორც სავაჭრო თუ ტრანზიტული ჰაბის მიმართ, ასევე ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყნებში ცხოვრობენ. იტალიის სახელი აიწია, მაგრამ სხვა დიდი ქვეყნები არიან, რომელთაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ სურთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0