
კიდევ ორი რუსული ავიაკომპანია, რომლებიც ევროკავშირის „შავ სიაში“ არიან, სოხუმის აეროპორტში რეისების შესრულებას დაიწყებენ.
12 ივნისიდან ავიაკომპანია iFly მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით რეისების შესრულებას დაიწყებს. ამის შესახებ TASS-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, ფრენების სიხშირე თანდათან გაიზრდება და უკვე ივლისში რეისები ყოველდღიურად - დღეში ორჯერ განხორციელდება.
„iFly იქნება პირველი ავიაკომპანია, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, აფხაზეთის მარშრუტზე ფართო კორპუსიანი თვითმფრინავით ოპერირებას განახორციელებს. iFly-ის Airbus-ი თითო რეისზე 378 მგზავრს გადაიყვანს, ამიტომ შეგვიძლია ველოდოთ, რომ ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - იტყობინება TourDom პორტალი.
ხანტი-მანსიისკსა და სოხუმს შორის პირდაპირი რეისები 28 ივნისს გაიხსნება. რეისებს ავიაკომპანია RusLine 50-ადგილიანი Bombardier CRJ200 თვითმფრინავით შეასრულებს, იტყობინება სოხუმის აეროპორტის Telegram არხი. ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათს და შაბათს შესრულდება. მგზავრებს ქალაქებს შორის მგზავრობა 6 საათსა და 55 წუთში შეეძლებათ, სარატოვში ტექნიკური გაჩერების ჩათვლით, რაც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.
მანამდე, იუგრას გუბერნატორმა, რუსლან კუხარუკმა, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური ოლქიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი რეისების დაწყების საკითხზე მუშაობის განკარგულება გასცა. რეგიონულმა ხელისუფლებამ ამ ტერიტორიის განვითარებისთვის რაიონულ ბიუჯეტში სუბსიდია გამოყო.
0
0