11/02/2023
10:44
სპორტი
35 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, ერთხმად მოითხოვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე არდაშვება. ამის შესახებ პარასკევს, 10 თებერვალს ლიტვის სპორტის მინისტრმა იურგიტა სიუგზდინიენმა ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის მინისტრებისგან შემდგარ ონლაინ შეხვედრაში, რომლის მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვისკენ მოწოდება იყო.
შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.
"თუ არსებობს ოლიმპიური სპორტი მკვლელობებით და სარაკეტო დარტყმებით, თქვენ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს". – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრებს.
ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა, ლუსი ფრეიზერმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო.
"მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატე დიდი ბრიტანეთის პოზიცია: სანამ პუტინი აგრძელებს ბარბაროსულ ომს, რუსეთი და ბელარუსი არ უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი". – წერს ფრეიზერი.
ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა უკრაინას მოუწოდა, ბოიკოტის მუქარაზე უარი თქვას.
კომიტეტის თანახმად, ბოიკოტი დაარღვევს ოლიმპიურ ქარტიას, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე რუსებისა და ბელარუსების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა შესაბამისია გაეროს რეზოლუციასთან, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის ფარგლებში დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული.
0
0