-share.jpg)
ჩინეთი იაფფასიან რუსულ ქვანახშირს რეკორდული რაოდენობით ყიდულობს მაშინ, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს სანქციებს უწესებს უკრაინაში შეჭრის გამო.
აპრილში, მსოფლიოში ნომერ მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ არა მხოლოდ შეისყიდა უპრეცედენტო რაოდენობის ქვანახშირი რუსეთიდან, არამედ გააუქმა ყველა სახის ქვანახშირის იმპორტის გადასახადი. ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი, ძირითადად, რუს მიმწოდებლებს მოუტანს სარგებელს.
Refinitiv-ის სავაჭრო მონაცემების მიხედვით, რუსეთიდან ჩინეთში ქვანახშირის იმპორტი მარტიდან აპრილამდე თითქმის გაორმაგდა და პროდუქტის მოცულობამ 4,42 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწია. რუსეთმა გაუსწრო ავსტრალიას და ის ჩინეთის მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამჟამად, რუსეთიდან ჩინეთში ქვანახშირის იმპორტი 19%-ს შეადგენს, რაც მარტში დაფიქსირებულ 14%-ზე მეტია.
ქვანახშირით ვაჭრობის მზარდი დინამიკა ორივე ქვეყნისთვის (რუსეთისა და ჩინეთისთვის) მომგებიანია. კლიმატურ კრიზისთან გამკლავების შესახებ გაჟღერებული თამამი დაპირებების მიუხედავად, ჩინეთი ამჟამად ორიენტირებულია საკუთარი ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაზე, ქვანახშირს კი ელექტროსადგურებში საწვავად და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ფოლადის დასამზადებლად გამოიყენებს. თავის მხრივ, რუსეთს ახალი მომხმარებლები სჭირდება საწვავი სასარგებლო წიაღისეულისთვის, რომლის ინდუსტრიაში ვაჭრობა დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აკრძალა.
0
0