10/11/2023
11:48
ეკონომიკა
საქართველოდან რუსეთში კონიაკის დისტილატის იმპორტი შესაძლოა გამარტივდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული სასმელის წარმოებისთვის ნედლეულის დეფიციტი. ამის შესახებ, როგორც „იზვესტია“ წერს, ნათქვამია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ალკოჰოლისა და თამბაქოს ბაზრების კონტროლის ფედერალური სამსახურისადმი პასუხში.
ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოდან დისტილატის იმპორტის გამარტივების საკითხს ახლა მთავრობაში განიხილავენ.
ამჟამად ქართული ნედლეული სხვა ქვეყნების პროდუქტებთან შედარებით, უფრო მკაცრ კონტროლს გადის. ამრიგად, ფედერალური საბაჟო სამსახური აფორმებს კონიაკის დისტილატების თითოეულ პარტიას, რომელიც მიეწოდება რუსეთის ფედერაციას მხოლოდ ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ. გარდა ამისა, მათი შეტანა რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია მხოლოდ მწარმოებლებისგან, რომლებმაც გაიარეს ინსპექტირება „როსპოტრებნადზორის“ მიერ.
მანამდე „სოიუზკონიაკმა“ საქართველოდან კონიაკის დისტილატის იმპორტის გამარტივება მოითხოვა, რათა გადაიჭრას ნედლეულის დეფიციტი. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოდან მიწოდებაზე მკაცრმა კონტროლმა განაპირობა ის, რომ ქართულმა ნედლეულმა დაიწყო რუსეთში შესვლა სომხეთიდან და ყაზახეთიდან პროდუქციის საფარქვეშ.
„კონიაკის დისტილატის მიწოდება, შუამავალი ლოგისტიკური და ფინანსური ხარჯების გვერდის ავლით სატრანზიტო ქვეყნებით (როგორიცაა სომხეთი), უშუალოდ მწარმოებლისგან საქართველოდან, ეკონომიკურად უფრო მომგებიანია მიმღებისთვის“, - ნათქვამია ფედერალური სამსახურის წერილში ფინანსთა სამინისტროსადმი.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ „რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელ გართულებაზე“, რაც შეიძლება იყოს საქართველოდან პროდუქციის მიწოდებაზე კონტროლის შესუსტების განზრახვის მიზეზი.
„აქამდე კონიაკის დისტილატის მთავარი მიმწოდებელი სომხეთი იყო, ახლა კი რესპუბლიკიდან რუსეთში ნედლეულის მიწოდება შემცირდა“, - აღნიშნა „საზოგადოებრივი მომხმარებელთა ინიციატივის“ ხელმძღვანელმა ოლეგ პავლოვმა.
0
0