
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის წინ მას შემდეგ აღდგა, რაც ტერიტორია სამართალდამცველებმა, სპეცრაზმმა და აქციის მონაწილეებმა დატოვეს.
ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გამზირი და მიმდებარე ქუჩები დაასუფთავეს.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 8 მარტს, 15:00 საათიდან შეიკრიბებიან და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს გააპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.
მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. აქციის განმავლობაში შსს-მ რამდენიმე საგანგებო განცხადება გაავრცელა.
0
0