05/12/2024
17:59
საზოგადოება
რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს.
როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ არ ისურვა“.
„ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას “რობოკოპები” იცავენ”, - აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა სიმბოლური აქტი იყო.
მსახიობებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, მთავარი მოთხოვნები რუსთაველის თეატრის გარეთ გააჟღერეს. ისინი ახლა მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიდიან.
რაც შეეხება მოთხოვნებს, რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსაყვანად, რამდენიმე პუნქტი ჩამოაყალიბეს.
კერძოდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის, მოუწოდებენ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დანიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებულები, ასევე „შეწყდეს ძალმომრეობა”.
„შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილისგან მოვითხოვთ:
პირველი: დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება ახალი სამართლიანი წესით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციით.
მეორე პირობა: სამართალდამცავი უწყებებით, როგორიც არის სუსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და შსს პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფით.
გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და საქართველოს მომავლისთვის მებრძოლი, აქციების დროს დაკავებულები, შეწყდეს მათ წინააღმდეგ არსებული საქმეები. შეწყდეს დევნა, შეწყდეს ძალმომრეობა. დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა”, - აღნიშნულია მოთხოვნებში.
პროტესტის მონაწილეებმა საზოგადოებას გაფიცვისკენ მოუწოდეს.
0
0