
რუსმა მილიარდერმა ოლეგ ტინკოვმა, რომელსაც, რუსეთ-უკრაინის ომის გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა, მოსკოვის მიერ მეზობელ ქვეყანაში გამართული "ხოცვა-ჟლეტა" დაგმო და დასავლელ ლიდერებს „ამ გიჟური" კონფლიქტის დასრულებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
სამშაბათს, 54 წლის ოლეგ ტინკოვმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მისი თანამემამულეების 90% ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და რუსული სამხედრო ძალები „იდიოტ არმიად" მოიხსენია.
„ამ გიჟურ ომში ვერცერთ მოსარგებლე მხარეს ვერ ვხედავ! რეალობა მხოლოდ ის არის, რომ უდანაშაულო ხალხი და ჯარისკაცები იღუპებიან“, - წერს ბიზნესმენი Instagram-ის საკუთარ გვერდზე განთავსებულ პოსტში და დასავლეთს მოუწოდებს, რომ პუტინს უკან დახევის ღირსეული გზა შესთავაზოს.
კონფლიქტის (რომელიც უკვე მერვე კვირაა მიმდინარეობს) შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონზე მეტი დევნილი გახდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ლტოლვილთა ყველაზე მასშტაბურ კრიზისად ითვლება.
კიევმა და დასავლეთის მთავრობებმა ომის შესახებ პუტინის მტკიცებულებები უკრაინაზე თავდასხმის ყალბ საბაბად ჩათვალეს და, პუტინის უკან დახევის იძულების მიზნით, რუსული კომპანიებისა და კერძო პირების, მათ შორის ტინკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. რამდენიმე რუსმა მილიარდერმა რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობისაკენ საჯაროდ მოუწოდა, თუმცა ბევრი რუსი გაერთიანდა კრემლთან და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საჯარო მხარდაჭერის საშუალებად "Z" ლოგო გამოიყენა.
„რა თქმა უნდა, არსებობენ სულელები, რომლებიც "Z" ლოგოს გამოსახავენ, თუმცა ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის 10% ჭკუასუსტია. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია!” - წერს ტინკოვი, რომელიც პუტინთან ან კრემლთან რაიმე ახლო კავშირის ქონას უარყოფს.
„კრემლის ოფიციალური პირები შოკირებულნი არიან, რომ ზაფხულში ვერც ისინი და ვერც მათი შვილები ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ. ბიზნესმენები დარჩენილი ქონების შენარჩუნებას ცდილობენ“, - განაცხადა ტინკოვმა.
რუსი მილიარდერის პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულმა სამხედრო ძალებმა ახალი შეტევა წამოიწყეს უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დასაპყრობად. რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინელების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობის ფონზე მიიღო.
ტინკოვის თქმით, „ნაბახუსევზე გამოღვიძებული რუსი გენერალები ახლა მიხვდნენ, რომ მათ „იდიოტი არმია“ ჰყავდათ.
”და როგორ შეიძლება არმია იყოს კარგი, თუ ქვეყანაში ყველაფერი ნაგავშია ჩაფლული და, სადაც ნეპოტიზმი, პირფერობა და მონობაა?” - წერს ტინკოვი.
სოციალური ქსელით ტინკოვმა დასავლეთს მიმართა: „ძვირფასო „კოლექტიურო დასავლეთო“, გთხოვთ, მიეცით ბ-ნ პუტინს კონფლიქტიდან გამოსვლის მკაფიო გზა, რათა შეაჩეროს ეს ხოცვა-ჟლეტა. გთხოვთ, გამოიჩინოთ უფრო მეტი რაციონალურობა და ჰუმანურობა.”
რუსი მაგნატი ტინკოვი, რომელმაც საკრედიტო ბარათების გამომშვები უმსხვილესი რუსული ციფრული ბანკი, Tinkoff Bank-ი, დააარსა, უკანასკნელ წლებში სამშობლოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. ტინკოვი კვიპროსში მოქმედი TCS Group Holding-ის დაახლოებით 35%-ს ფლობს; Tinkoff-ის ბრენდის ქვეშ მყოფი კომპანიები მოიცავს საბანკო, სადაზღვევო, მობილური სერვისების და ა.შ. სექტორებს. 2020 წელს ტინკოვმა Tinkoff Bank-ის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს ტინკოვის „პირად აზრზე“, რადგან ბიზნესმენი აღარ იღებს გადაწყვეტილებებს Tinkoff-ის ბრენდის ქვეშ მყოფ კომპანიებში მიმდინარე ოპერაციებთან დაკავშირებით.
„ის [ტინკოვი] არ არის Tinkoff-ის თანამშრომელი, დიდი ხანია არ ყოფილა რუსეთში და ბოლო წლებში თავისი ჯანმრთელობის საკითხებს აგვარებს“, - ნათქვამია Tinkoff Bank-ის განცხადებაში.
https://www.aljazeera.com/news/2022/4/20/russian-billionaire-oleg-tinkov-slams-crazy-war-in-ukraine
0
0