
„როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში, ჩემთან ჩემი თანაკურსელები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მათ შორის, უკრაინელები, რუსები, სერბები, ბულგარელები და ა.შ. ყოველდღიურად ვხედავთ საშინელებას, როგორ ინგრევა, როგორ ნადგურდება, როგორ იხოცება უამრავი ადამიანი – ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს, მღვდელმთავრებს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება – თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ, რადგან ის დაღუპავს რუსეთს, თუ უკვე არ დაღუპა, უკიდურეს შემთხვევაში, მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, მათგან არანაირი პასუხი არ არის და ეს მოსალოდნელიც იყო. მე მაქვს თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჩემს უამრავ მეგობართან, კურსელებთან უკრაინაში, ჩვენ ყოველდღიურად თვალცრემლიანები ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ყოველივე ამას. ძალიან გულნატკენები არიან, მე მხედველობაში მყავს ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, თავიანთ პატრიარქზე, რომელმაც, გარკვეულწილად, გაამართლა და ამ ბოროტმოქმედებას, რაც უკრაინაში ხდება, უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა.
მე ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ მდგომარეობას, რაც ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს გააჩნია – გარკვეული სიფრთხილე აუცილებელია, საჭიროა, რადგან ეს აღმოსავლური სიბრძნეა, როდესაც ადამიანი წყალში იხრჩობა, თავის გადარჩენის მიზნით გველსაც კი მოკიდებს ხელსო. ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ და ყველანაირი საზიზღრობა შეიძლება, ჩაიდინოს, ჩვენ რა მოგვეთხოვება? მხოლოდ ლოცვა, მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ეპარქიამ შეძლებისდაგვარად შეაგროვა გარკვეული შემოწირულობები, რომელიც ამ დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. მინდა კიდევ ერთხელ დავლოცო ეს მტკიცე, მედგარი, შეუპოვარი ხალხი და ვუსურვო მათ სიმხნევე და მტერთა ზედა გამარჯვება.“, – აღნიშნა ქადაგებისას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა.
0
0