
რუსმა ექიმებმა ღია წერილში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართეს თხოვნით, „შეწყვიტოს ალექსეი ნავალნის წამება კოლონიაში, შეწყვიტოს მისი სადამსჯელო საკანში მოთავსება და სამოქალაქო ექიმები დაუშვას პოლიტიკოსთან". ამის შესახებ ფეისბუკზე წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ექიმმა ალექსანდრე ვანიუკოვმა დაწერა.
„ალექსეი ნავალნის პატიმრობის პირობები და გარეგნობა დიდ შეშფოთებას იწვევს მისი სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლების უარი ალექსეისთვის საჭირო მედიკამენტების გადაცემაზე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნავალნის სიცოცხლეს. სამედიცინო თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ალექსეი არ იღებს საკმარის სამედიცინო დახმარებას და სადამსჯელო საკანში მისი გადაყვანა აბსოლუტურად უკუნაჩვენებია მის მდგომარეობასთან“ - ნათქვამია წერილში.
ექიმები მოიხსენიებენ კონსტიტუციის მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება. “ამის უფლება აქვთ პატიმრებსაც” - აღნიშნულია წერილში.
წერილს ხელი უკვე მოაწერა 30-მდე ექიმმა. ვანიუკოვი სთხოვს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც სურთ ხელმოწერა, დაწერონ კომენტარი ამ პოსტის ქვეშ.
ერთი დღით ადრე ნავალნის ადვოკატმა ვადიმ კობზევმა განაცხადა, რომ სადამსჯელო საკანში გაგზავნილი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ ავად გახდა. კობზევის თქმით, ნავალნის აქვს მაღალი ტემპერატურა, სიცხე და ხველა.
0
0