გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე, დიმიტრი პოლიანსკი პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებას ციტირებს, რომელშიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ჩვენ ძალიან გვიკვირს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, განიხილონ სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი და გამჟღავნებული ფაქტების და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მეტად მოგვაგონებს მაზოხისტურ ვარჯიშებს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ თქვენი ნებართვით მოვიყვან მმართველი ქართული პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას. ეს პირდაპირი ციტატაა“, - განაცხადა პოლიანსკიმ.
„ქართული საზოგადოების უმრავლესობას სამართლიანად ეპარება ეჭვი სააკაშვილის ადეკვატურობაში. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არ იყო მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან მითითებების და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოვაწყოთ საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატებრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.
ამ ციტატის შემდეგ, პოლიანსკიმ დაასკვნა:
„შეეცადეთ დაიმახსოვროთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები მოგვიანებით გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და მოგატყუებენ იმის შესახებ, რაც მოხდა იმ მომენტში“.
0
0
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს
16/07/2025