
სახელმწიფო დუმის დეპუტატი ფრაქცია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" ოლეგ ნილოვი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიების დროს, სახელწოდებით "სურვილების ხე" "ბიჭუნა ვოვას კიევიდან" საჩუქარს რუსული რაკეტების სახით დაჰპირდა. შესაბამისი ვიდეო ოთხშაბათს ათობით მედია და ტელეგრამ არხმა გამოაქვეყნა.
„სურვილების ხე“ არის სახელმწიფო სათათბიროს ტრადიციული საახალწლო აქცია, რომლის დროსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, გაჭირვებული ოჯახების ბავშვები, ასევე ობლები უგზავნიან საახალწლო სურვილებს ღია ბარათებზე დაწერილს, დეპუტატები კი კითხულობენ მათ და სურვილებს უსრულებენ მათ. წელს სურვილების ბარათები ასევე დაწერეს მობილიზებული რუსების შვილებმა და რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მცხოვრებმა ბავშვებმა.
დეპუტატმა ოლეგ ნილოვმა, რომელმაც ნაძვის ხიდან ერთ-ერთ ღია ბარათი აიღო, წაიკითხა: „ბიჭუნა ვოვა კიევიდან რაკეტებზე ოცნებობს. ვოვა, რაკეტებს მიიღებ, დაელოდე". ამის შემდეგ ნილოვმა დაამატა, რომ „ეს ხუმრობაა“. კადრებში ჩანს, რომ სახელმწიფო სათათბიროს ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არტიომ მეტელევმა, რომელიც მის უკან იდგა, სახეზე ხელი აიფარა.
0
0