19/10/2021
15:23
პოლიტიკა
თბილისში ჩასვლით, ოსტინმა თავისი ვიზიტი შავიზღვისპირეთის კიდევ ორ ქვეყანაში - რუმინეთსა და უკრაინაში - დაიწყო. 21-22 ოქტომბერს, ის ნატოს თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ბრიუსელში პირველად გაიმართება. საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტით, ოსტინი კიდევ ერთხელ აფასებს თითოეული არაწევრი ქვეყნის როლს ნატოს მისიებში - განსაკუთრებით ავღანეთში. მისი თქმით, ეს ტურნე, ასევე მკაფიო პასუხია რუსეთის აგრესიისადმი, რომელსაც ბრიუსელში დეტალურად განიხილავენ.
”შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და მის მცდელობებს შავი ზღვის რეგიონში საკუთარი ზეგავლენის გასაფართოებლად სამხედრო იძულებისა და მავნე ქმედებების გზით. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია იმ ხედვის სრულადგაცნობიერებისთვის რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში,” - განაცხადა ოსტინმა, ორშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ.
უკანასკნელ თვეებში ნატოსა და მოსკოვს შორის უთანხმოებამ მკვეთრი ხასიათი მიიღო. რუსეთმა დაბალ სიმაღლეზე გამაფრთხილებელი ფრენები განახორციელა - შავ ზღვაში მცურავ დასავლეთის ხომალდებს გადაუფრინა და ყირიმში განლაგებული თავისი ბაზები გამოიყენა. ყირიმი ის ტერიტორიაა, რომელიც 2014 წლიდან უკრაინისგანაა ანექსირებული; გამაფრთხილებელი ფრენები კი ნატოს მიერ უკრაინის სამხედროებისთვის ჩატარებული ბოლო წვრთნების დროს განხორციელდა და მიზნად ისახავდა სროლებისთვის საზღვაო ობიექტების მიზანში ამოღებას.
ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ ის დახურავდა ბრიუსელში არსებულ ნატოს მუდმივმოქმედ მისიას და ალიანსის დელეგაციას მოსკოვში აკრედიტაციას გააუქმებდა. მიმდინარე თვის დასაწყისში, ნატომ რამდენიმე რუსი დიპლომატი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით.
მოსკოვის მცდელობას - შემთხვევით დასრულებული ავღანეთის ომიდან სარგებლობა მიეღო და, ამავდროულად, დაემტკიცებინა, რომ აშშ არასანდო მოკავშირეა - „თვალი თვალის წილ“ მიდგომა მოჰყვა. ორშაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ურთიერთობა აშშ-თან „ისეთი ძლიერი და მრავალმხრივი არასდროს ყოფილა, როგორიც დღესაა“. მან დასძინა, რომ ქვეყანა ამაყობს იმით, რომ მისი სამხედროები გვერდიგვერდ იბრძვიან ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად და საჭიროებისას, მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო მისიებში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და უკრაინაში მღელვარებაა - ორივე ქვეყანა რუსეთისგან ან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს. მათ იმედი აქვთ, რომ ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებით ალიანსის წევრები გახდებიან.
ორშაბათს აშშ-სა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სახელწოდებაა „საქართველოს თავდაცვისა და მტრის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივა“. ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს 2018 წელს დაწყებული სასწავლო პროგრამის ლოგიკურ გაგრძელებას და ორიენტირებულია საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტების გაუმჯობესებასა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებაზე. თუმცა ამ მომენტისათვის არ ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მნიშვნელოვან დამატებით პერსონალს გაგზავნის ან იარაღით დახმარებას გაუწევს. აშშ-ის ვარაუდით, პარტნიორობა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება. პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებულია საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე, ის ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ოფიციალური პირები ჰიბრიდულ რუსულ საფრთხეს უწოდებენ.
სტატიაში წერია, რომ საქართველომ 2008 წელს თავისი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე დაკარგა კონტროლი, როდესაც რუსული სამხედრო ძალები ორ სეპარატისტულ რესპუბლიკას - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ - ავტონომიის გამოცხადებაში დაეხმარნენ. მსგავსი გამოცდილება უკრაინასაც ჰქონდა 2014 წელს, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, ქვეყნის აღმოსავლეთით, კიევის მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ ომი დაიწყეს.
ავტორი წერს, რომ არასტაბილურობა ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ამბიციას აფერხებს. როგორც ალიანსის ქარტიაშია მითითებული, წევრი ქვეყნები პასუხისმგებლობას იღებენ ერთმანეთის დაცვაზე. ნატოს 72-წლიანი არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იქნა რეალიზებული, როცა აშშ-მა ავღანეთში ომი დაიწყო, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ.
საქართველოს და უკრაინას ასევე აქვთ შიდა პრობლემებიც, რაც პოლიტიკურ ძალთა უთანხმოებაში გამოიხატება. ეს ფაქტი დასავლეთს შეშფოთების საფუძველს აძლევს, რომ ორი ქვეყანა, სადაც ამ საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული რევოლუციები მოხდა, თანდათან უკან იხევენ. იმ თბილ სიტყვებს, რომელიც ლოიდ ოსტინმა ორშაბათს წარმოსთქვა საქართველოში, მან თან დააყოლა, რომ თბილისიდან აშშ-ის საელჩოს სიგნალების მიხედვით, ამ თვეში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით „გარკვეული პრობლემები“ წარმოქმნილა, ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ჩათვლით.
თუმცა ლოიდ ოსტინმა დასძინა, „ამერიკა იმედოვნებს - საქართველოს შესწევს იმის ძალა, რომ სიტუაცია გამოასწოროს“. სტატიაში საუბარია აგრეთვე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რუმინეთში ვიზიტის მიზნებზე. როგორც ცნობილია, რუმინეთის ხელისუფლებასაც ამასწინანდელი პოლიტიკურ რყევებთან დაკავშირებით, პრობლემები აქვს. ამჟამად ქვეყნის მთავრობას, ახალი არჩევნების ჩატარებამდე, „დროებითი მთავრობის“ სტატუსი აქვს.
„რუმინეთი და საქართველო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მასპინძლები 2014 წლის შემდეგ არ ყოფილან. ლოიდ ოსტინის ვიზიტი ასევე პირველია უკრაინაში 2017 წლის შემდეგ, როცა ქვეყანას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0