
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი გაიხსნა.

ტაძრის კურთხევას მოსახლეობასთან ერთად, სინოდის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
“ყოველი ტაძარი რომელიც საქართველოში შენდება არის ძალიან სასიხარულო და წინგადადგმული ნაბიჯი რწმენის აღორძინებისთვის. სოფელ ისულაში, ძველი ტაძარი, რომელიც აქ არსებობდა ბოლშევიკების დროს იქნა დანგრეული და ახლა აშენდა წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი, რომელიც ამ სოფლიდან წამოსულმა კაცმა, ბიზნესმენმა, ბატონმა გოგი სალაყაიამ აღადგინა, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევით. ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი შენაძენი, როგორც ამ სოფლის მკვიდრთათვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ამიტომ, ვულოცავ ყველას, ამ ლამაზი ტაძრის ამოქმედებას და მადლობას მოვახსენებ ბატონ გოგის, ამ ლამაზი ქველმოქმედებისთვის” - თქვა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი ბიზნესმენი,მეღვინეობა „ბადაგონის“ დამფუძნებელი და ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, გიორგი სალაყაიაა.
ბიზნესმენ გიორგი სალაყაიას ოჯახისთვის, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სწორედ ამ ადგილას აშენების იდეას და სურვილს, საინტერესო ისტორია აქვს.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როგორც სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის, რადგან დღეს იკურთხა თავის ისტორიულ ადგილას წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს - გასული საუკუნის 20-იან წლებში, ზუსტად ამ ადგილას იდგა წმ. ბარბარეს ტაძარი, თუმცა ავადსახსენებელი ბოლშევიკების დროს დაანგრიეს. XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ ამ ადგილის მოკვლევა და აღდგენა. უამრავი ადამიანი იყო ჩართული ამ პროცესში და ძალიან საინტერესო პერიოდები გავიარეთ. ძალიან სასიხარულოა, რომ სინოდის ძალიან ბევრი წევრია ჩამოსული. ლიტურგიას აღავლენს მესაყდრე შიო, რომელმაც ძალიან გაგვახარა თავისი სტუმრობით. ბედნიერი ვარ, ვინაიდან ადამიანებს უკვე მიეცათ ლოცვის საშუალება.” - განაცხადა მეღვინეობა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ.

ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია იოანა ჩვენთან საუბრისას წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის აშენების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, დღევანდელი დღე არა მარტო სენაკის მოსახლეობისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ არის ღირსშესანიშნავიდღე - ახალი ტაძრის კურთხევა, ვინაიდან ყველა საღვთო ლიტურგია არის ზეცისა მიწასთან და მიწისა ზეცასთან. ამიტომ არის განსაკუთრებული სიხარული ამ რეგიონის მკვიდრთა გულებში და ეს არის არა მარტო მათთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომაც, არის ეს განსაკუთრებულად დიდი მოწყალების საქმე, რომელიც აღასრულა ბატონმა გოგი სალაყაიამ, თავის ოჯახთან ერთად და მას მხარში დაუდგა ეს სოფელი, თითოეული ადამიანი, ვისაც უხაროდა ამ ტაძრის აშენება. დიდი მადლობა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს, რომლის გარეშეც ვერ მოხდებოდა ამ ტაძრის კურთხევა.” - თქვა დედა იოანამ.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა.
1
0