10/08/2023
15:42
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, როდესაც მისი ჯარები უკრაინიდან გავლენ, მაგრამ არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ამის შესახებ მან იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენი მიწებიდან ჯარების გაყვანის შემდეგ, მაგრამ არა პუტინთან. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ომისა და დიპლომატიის ნაზავით. პირველში ჩართული არიან ჩვენი გენერლები. მათი ამოცანაა აიძულონ რუსები, უკან დაიხიონ და დაარწმუნონ, რომ ლაპარაკი ჯობს, ვიდრე ბრძოლა“, - განაცხადა დიმიტრი კულებამ.
მანვე აღნიშნა, რომ შეუძლებელია პუტინთან მოლაპარაკების წარმოება, რადგან მან ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა.
„არის სხვა დიპლომატიური გზებიც, რომ საქმე ირიბად გავაკეთოთ. თუმცა, გვესმის, რომ ვერასოდეს დავინახავთ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი იერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს ორი სამიტის გამართვას ზელენსკის მიერ წარმოდგენილი „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ, ერთ-ერთი სამიტი რუსეთის მონაწილეობით.
0
0