
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეარხ „დოჟდის“ მთავარ რედაქტორზე, ტიხონ დზიადკოზე ძებნა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაცია Mediazona-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე აღმოაჩინა. დზიადკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ აქამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.
თავად დზიადკომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არ იცის, რომელი მუხლით გამოცხადდა მასზე ძებნა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არ არის "დოჟდის" მუშაობის „ხარისხის შეფასება“, არამედ „ჩვენი სახელმწიფოს რეპრესიული ბუნების გამოვლინება“.
მიმდინარე წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლოში ტიხონ დზიადკოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული ოქმი შეიტანეს „არასასურველ ორგანიზაციაში“ მონაწილეობის მუხლით. ის შედგენილია დოჟდის YouTube არხზე გამოქვეყნებული ვიდეოს საფუძველზე. ეს იყო 2024 წლის 13 ნოემბრის დილის საინფორმაციო გამოშვება.
ტელეარხი „დოჟდი“ რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ 2023 წლის ივლისში აღიარეს.
0
0