
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კონტრშეტევას განახორციელებს, რათა კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ რუსულ ძალებს რთული ბრძოლა მოუწევთ,“ - თქვა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა.
კოენმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის პროვინციის 777 კვ.კმ-ზე უკრაინელების შეჭრის მნიშვნელოვნობა ჯერ კიდევ გასარკვევია.
„კიევმა განაცხადა, რომ არ აპირებს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის ანექსიას, უკრაინის ჯარები თავდაცვით ხაზებს ავლებენ და, როგორც ჩანს, ისინი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ტერიტორიის ნაწილს შეინარჩუნებენ. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ პუტინი კონტრშეტევას განახორციელებს ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად, თუმცა რუსეთისთვის ეს რთული ბრძოლა იქნება. პუტინს ასევე მოუწევს საკუთარ საზოგადოებაში ამ მოვლენების რეზონანსთან გამკლავება - მათ რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დაკარგეს. კურსკში უკრაინის წარმატებით შეიძლება კონფლიქტის დინამიკა შეიცვალოს.
დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში კი, რუსეთის მიღწევები ჯარებისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის გაწეულ „განსაკუთრებულ ხარჯებს“ უკავშირდება და რუსებმა შეიძლება დაიპყრონ ან ვერ დაიპყრონ უკრაინის მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი ქალაქი პოკროვსკი. მაგრამ საბოლოოდ, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსებისთვის არსებულ სიტუაციას ვერაფერი შეცვლის,“ - თქვა კოენმა.
0
0