
უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების პირობები ჯერ არ არსებობს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი, სავარაუდოდ, ზამთარში უფრო მშვიდ ფაზაში შევა, ორივე მხარე შეეცდება ძალების გადაჯგუფებას და გადაიარაღებას. ამიტომ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.
„ახლა არ არსებობს პირობები (დიპლომატიური მოგვარებისთვის. - რედ.)“ - განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთს არ უჩვენებია არავითარი ნიშანი იმისთვის, ომის მშვიდობიანი დასრულება სურს.
„რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სწრაფად ვუწევთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერას“ - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის „გაყინვას“ „გაზაფხულზე უფრო დიდი შეტევის დასაწყებად“.
„ახლა უკრაინას აქვს იმპულსი“, - თქვა მან და დასძინა, რომ ნატოს ქვეყნები მუდმივად განიხილავენ, რა სისტემები მიაწოდონ უკრაინას.
0
0