
„უკრაინის სტრატეგიული ქალაქიდან [ხერსონიდან] ჯარის გაყვანის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ძალებს ახლა შეუძლიათ მასიური საარტილერიო დარტყმა განახორციელონ ხერსონზე,“ - თქვა დიდი ბრიტანეთის არმიის ყოფილმა მეთაურმა, ლორდმა რიჩარდ დანატმა.
დანატის განცხადებით, უკრაინის სამხრეთ ქალაქში რუსებმა "ეს ბრძოლა უკვე რამდენიმე თვის წინ ფაქტობრივად წააგეს".
„მათი მცდელობა იყო, რომ მარიუპოლიდან ხერსონის გავლით დაეკავებინათ ოდესა და დამუქრებოდნენ მოლდოვას; და უკრაინელებს საერთოდ უარი უნდა ეთქვათ სამხრეთ სანაპიროზე - ეს გეგმა საკმაოდ დიდი ხნის წინ ჩაიშალა. თუმცა რეალობა ახლა ის არის, რომ რუსები მოამზადებენ თავდაცვით პოზიციებს მდინარე დნეპროს აღმოსავლეთ ნაპირზე, რომელიც ქალაქ ხერსონიდან ისეთ მანძილზე მდებარეობს, რომ ადვილად დასაბომბი წერტილია. ხერსონში დაბრუნებით გახარებულ მოსახლეობას შეექმნება განწყობა, თითქოს ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ჩადგა. შემდეგ კი რუსები მასიურ საარტილერიო დარტყმას განახორციელებენ და არ გაჩერდებიან", - დასძინა მან.
SkyNews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა დასწრებულიყო თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კუნძულ ბალიზე მიმდინარე „დიდ ოცეულის“ სამიტს, ლორდმა დანატმა თქვა:
„ის არც აპირებდა სამიტზე დასწრებას. პუტინი თვლის, რომ ის მამაცი ადამიანია, მიუხედავად ამისა, 19 ქვეყნის ლიდერს პირისპირ არ შეხვდება. მან თავისი საქმის შესასრულებლად ინდონეზიაში [სერგეი] ლავროვი გაგზავნა. დადებითად ვაფასებ რიში სუნაკის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) სიტყვით გამოსვლას - მან მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი და, კერძოდ, პუტინი“.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა შეთანხმების გაფორმება უკრაინასა და რუსეთს შორის, ლორდმა დანატმა თქვა, რომ მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ „საიდუმლო“ საუბრები მიმდინარეობდა.
„ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენ, დასავლეთს, არ გვევალება ზელენსკის მოლაპარაკებების დაწყება, ეს მისი გადასაწყვეტია,“ - თქვა რიჩარდ დანატმა.
0
0