25/05/2023
16:44
მსოფლიო

“მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ. მოსკოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დასავლეთთან დაძაბულობის მკვეთრმა მატებამ განაპირობა.
„სამხედრო-ბირთვულ სფეროში კონტრზომების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთისა და ბელარუსის დასავლეთ საზღვრებზე საფრთხის უკიდურესად მკვეთრი ესკალაციის გათვალისწინებით“, - განაცხადეს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მოსკოვი იარაღზე და მათი გამოყენების შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე კონტროლს შეინარჩუნებს.
„ბელარუსმა მიიღო Iskander-M-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია რაკეტების გამოყენება არა მხოლოდ ჩვეულებრივ, არამედ ბირთვულ აღჭურვილობაშიც. სამხედროებმა შესაბამისი მომზადება უკვე გაიარეს“, - განაცხადა შოიგუმ.
ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ პირველად მარტში განაცხადა - პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად, თუ ეს საჭირო იქნება თავისი ქვეყნის "ტერიტორიული მთლიანობის" დასაცავად.
ნატოს განცხადებით კი, ის ვერ ხედავს საკუთარი ბირთვული პოზიციის კორექტირების საჭიროებას, თუმცა აღნიშნა, რომ პუტინის ბირთვული რიტორიკა "საშიში და უპასუხისმგებლოა".
0
0