
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუქმებს რუსეთის მოქალაქეებისადმი გაცემულ რეკომენდაციას, რომელიც საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ითვალისწინებდა. ამის შესახებ განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მეშვეობით უახლოეს მომავალში გაკეთდება.
„გარდა ამისა, გაუქმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისადმი, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ამავდროულად, ამ ქვეყანაში ვიზიტისას უსაფრთხოების ასპექტები უნდა იყოს გათვალისწინებული, გამოიჩინოთ სიფრთხილე“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლე მოგზაურობისთვის ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რათა თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა“ - აღნიშნა ზახაროვამ.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უქმდება რუსული ავიაკომპანიებისთვის ქვეყანაში ფრენების აკრძალვა.
0
0