03/04/2023
16:35
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა სამხედრო ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის დაგეგმვაში და უკრაინის სპეცსამსახურების მოკავშირედ დაასახელა "აგენტურა", რომელსაც კავშირი აქვს რუსი ოპოზიციონერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის ფონდთან.
ვლადლენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინია, 2 აპრილს, საღამოს ააფეთქეს სანქტ-პეტერბურგის კაფე "სტრიტფუდ ბარში".
ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, „დადგენილია, რომ 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში ჩადენილი ტერორისტული აქტი ცნობილი ჟურნალისტის, ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ“ და მასში ჩართული იყო „აგენტურა იმ პირთა რიცხვიდან, რომლებიც თანამშრომლობენ ნავალნის ფონდთან“.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებითვე, აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი დარია ტრეპოვა ნავალნის აქტიური მომხრეა. ტრეპოვა უკვე დაკავებულია.
ცნობისთვის, აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ვლადლენ ტატარსკი ადგილზე დაიღუპა.
0
0