
განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთში რუსი მებრძოლები არიან, რომლებიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავენ, „შემოგდებულია“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„შემიძლია ამას შემოგდებული თემის კვალიფიკაცია მივაკუთვნო“, - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ამ გზავნილებს იგივე შეფასება უკვე მისცა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა, რომელმაც მას „სიგიჟე“ უწოდა.
დღესვე მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დემარში განახორციელა ბაქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ოთხ რეგიონში არჩევნების შესახებ.
"აზერბაიჯანის მხარის წინაშე განხორციელდა დიპლომატიური დემარში. ჩვენ ყველაფერი გამოვთქვით ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ზახაროვამ.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ბაქო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს იმავე პატივისცემით უნდა მოეპყროს, რასაც ჩვენი პარტნიორები ჩვენგან მოელიან, როცა საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ე.წ. ახალ რეგიონებში ბოლო არჩევნების „არალეგიტიმურობის“ შესახებ განაცხადა.
0
0