
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვმა შესაძლოა სხვა ქვეყნები შეიარაღოს დასავლეთის ობიექტებზე თავდასხმის მიზნით.
პუტინმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მან დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა.
„რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინას მწვანე შუქი აუნთო რუსეთის შიგნით სამიზნეებზე თავდასხმისთვის. ასეთმა ქმედებამ შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საომარ ზონაში ასეთი იარაღის მიწოდება შესაძლებელია, რათა ჩვენს ტერიტორიაზე შეტევა და პრობლემები შეგვიქმნას, ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება იმავე კლასის იარაღი მივაწოდოთ რეგიონებს, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე, რომლებიც ამას რუსეთთან მიმართებაში აკეთებენ. ანუ [რუსეთის] პასუხი შეიძლება ასიმეტრიული იყოს, ჩვენ ამაზე დავფიქრდებით", - განუცხადა პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგის ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
პუტინმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებს მიაწოდებს მოსკოვი იარაღს. პუტინმა გამოყო გერმანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინას განუცხადა, რომ მას გერმანული წარმოების იარაღით თავისუფლად შეუძლია დაარტყას რუსეთის შიგნით სამიზნეებს.
”როდესაც საუბარია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გერმანული წარმოების იარაღის გამოყენება, ეს საბოლოოდ ანგრევს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს”, - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთი არასწორად თვლის, რომ მოსკოვი არასოდეს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.
„რატომღაც დასავლეთს სჯერა, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არასოდეს გამოიყენებს. ჩვენ გვაქვს ბირთვული დოქტრინა, რომელშიც წერია, რომ, თუ ვინმეს ქმედებები საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, შესაძლებლად მიგვაჩნია, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და ეს არ უნდა მიიღოთ მსუბუქად და ზედაპირულად“, - უპასუხა პუტინმა Reuters-ის შეკითხვაზე უკრაინასთან კონფლიქტის გამო მოსალოდნელი ბირთვული ესკალაციის რისკის შესახებ.
პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმის გეგმები აქვს.
"რუსეთი მტრად არ უნდა გამოაცხადოთ. ამით მხოლოდ საკუთარ თავებს ავნებთ. ეგონათ, რომ რუსეთს ნატოზე თავდასხმა სურდა, სულ გაგიჟდით? ვინ მოიფიქრა ეს? უბრალოდ, სრული სისულელეა," - განაცხადა პუტინმა.
0
0