
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გეგმავს მთელი წლის განმავლობაში საბორნე მიმოსვლას თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე საზღვაო სფეროში. ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია“, - განაცხადა პადალკომ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი.
„თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კომუნიკაციის აღორძინება, როგორ წავა ის ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს? თუ აღვადგენთ ძველ მარშრუტს აფხაზეთის გავლით, რაც გარღვევის მომენტი იქნება?“ - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა.
19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომაზე გამოითქვა აზრი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გავლით გზის გახსნის შესახებ.
0
0