
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ტომოკო აკნე, რომელმაც კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ტომოკო აკნე „რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით იძებნება“. თუმცა, რომელი მუხლით, არ არის მითითებული.
აკნე გახდა მეორე მოსამართლე, რომელიც რუსეთში ძებნილთა სიაში მოხვდა. გასულ თვეში, მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ამავე სასამართლის მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა.
მაისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ძებნილთა სიაში შეიყვანა პროკურორი კარიმ ხანი.
შეგახსენებთ, რომ მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გამოსცა, რომელიც მას უკრაინიდან ათასობით ბავშვის უკანონო დეპორტაციაში დამნაშავედ თვლიდა. ორდერის გაცემა ნიშნავს, რომ პუტინი შეიძლება დააკავონ, თუ ის გაემგზავრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მონაწილე ნებისმიერ ქვეყანაში.
0
0