
რუსეთმა 100 ქართველზე ძებნა გამოაცხადა, რომლებიც სხვადასხვა დროს უკრაინაში იბრძოდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
სიაში ასევე დიდი ბრიტანეთის 90 და ბელარუსის 61 მოქალაქე მოხვდა.
რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში საქართველოს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მოხვდნენ.
ძებნილთა სიაში ასევე აღმოჩნდნენ:
მამუკა მამულაშვილი - „ქართული ლეგიონის მეთაური“,
კუკური ბარამიძე (დომენიკ მანო) ბლოგერი,
ლევან ვარშალომიძე - აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე,
ბექა ბასილაია - იურისტი,
რომე ფარულავა,
კობა ხაბაზი - პოლიტიკოსი,
ვანო ნადირაძე - პოლიტიკოსი,
დავით ქაცარავა - „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ჯარში მსახურისთვის ყველაზე მეტრი საქმე რუსეთში სწორედ საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ აღიძრა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 2022 წლის მარტში უკრაინაში საბრძოლველად წავიდა და იქ რამდენიმე თვე დაჰყო. იმავე პერიოდში, უკრაინაში ირაკლი ოქრუაშვილი და ბექა ბასილაიაც წავიდნენ. უკრაინაში დომენიკ მანგოც იმყოფებოდა.
უკრაინაში იმყოფებოდა დავით ქაცარავაც.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში მებრძოლ უცხოელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობს, თუმცა, მისივე თქმით, ამ სიაში მოხვედრა შიშს არ იწვევს.
„ეს ნიშნავს აღიარებას, რომ აბსოლუტურად სწორად ვმოქმედებთ და ანტირუსულ ფრონტზე ეფექტურად ვიბრძვით. ხუმრობა იქით იყოს და ამ სიაში მოხვედრა ძირითადად უკავშირდება საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები გარკვეული ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ, როგორც მინიმუმ ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას. თუ შანსი ექნებათ, რომ ხელში ჩაგვიგდონ ის ადამიანები, ვინც სიაში ვართ, დიდი სიამოვნებით მოგვახვედრებენ თავის ციხეებში და ეს კარგად რომ არ დამთავრდება, ცალსახაა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შიშს ნამდვილად არ იწვევს, პირიქით, ამ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ეს ნამდვილად არის აღიარება, რომ ისინი ეფექტურად იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ“, - ამბობს დავით ქაცარავა.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025