
ურალის ავიახაზების Airbus-A320, რომელიც მიფრინავდა სოჭიდან ომსკში, ავარიულად დაეშვა მინდორში ნოვოსიბირსკის რეგიონში. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავის ფიუზელაჟი არ განადგურდა, ბორტზე მყოფებმა დამოუკიდებლად შეძლეს ევაკუაცია გასაბერი ტრაპების გამოყენებით. დაფრენის ადგილიდან კადრებში ჩანს ცეცხლის კვალი მარჯვენა ფრთის ზემოთ, წერს RBC. ტელეგრამის 112-ის ცნობით, თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა ცაში.
ნოვოსიბირსკის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ტრავნიკოვის განცხადებით, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 9:44 საათზე დაეშვა სოფელ უბინსკოეს მახლობლად, რომელიც მდებარეობს რეგიონის ცენტრალურ ნაწილში ნოვოსიბირსკსა და ომსკს შორის. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, დაშვება მოხდა ჰაერიდან შერჩეულ ადგილზე სოფელ კამენკას მახლობლად (ნოვოსიბირსკიდან დაახლოებით 180 კილომეტრში).
ბორტზე 170 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 23 ბავშვი, ყველამ დატოვა თვითმფრინავი, იტყობინება საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება, რომ ბორტზე მყოფთაგან არცერთმა არ მიმართა სამედიცინო დახმარებას.
Flightradar-ის ცნობით, თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში ვერ დაეშვა, განგაში გამოაცხადა და შემდეგ ალტერნატიული აეროდრომისკენ გაემართა.
ომსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი ხოცენკომ განუცხადა TASS-ს, რომ ავარიული დაშვების წინასწარი მიზეზი ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობა იყო.
ინციდენტის მიზეზები ოფიციალურად არ გავრცელებულა.
0
0