რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა მზადყოფნა, გააფორმოს „დიდი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება“ თეირანთან. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების - სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ იუწყება.
რუსული მხარის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც აგრძელებს კონტაქტებს მოსკოვთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე ომის ფონზე. დასავლეთის ქვეყნები თეირანს ადანაშაულებენ რუსეთის არმიისთვის იარაღის მიწოდებაში, რომელიც გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის. რუსეთი და ირანი უარყოფენ ყველა ბრალდებას.
ამავდროულად, რუსეთი ირანის ეკონომიკაში ყველაზე დიდ ინვესტორად ითვლება. ირანის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. აქედან ორი მესამედი რუსეთზე მოდის.
0
0