-share.jpg)
რუსეთში ახალი სასკოლო სახელმძღვანელო გამოქვეყნდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს და მოსწავლეებს სამხედრო სამსახურში ჩართვისკენ მოუწოდებს. წიგნი გამიზნულია ახალი საგნის, სახელწოდებით „სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები“, სწავლებაზე. გაკვეთილზე დასწრება სავალდებულოა რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 15-დან 18 წლამდე საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
ახალ საგანს ყოფილი ჯარისკაცები ასწავლიან, ხოლო პედაგოგიკის ხარისხის მფლობელ ომიდან დაბრუნებულ რუსებს უფასო გადამზადების კურსებს უკვე სთავაზობენ.
ახალი საგნის პირველი სახელმძღვანელო, სახელწოდებით „რუსული არმია სამშობლოს დასაცავად“, წამყვანი რუსული გამომცემლობა „განმანათლებლობის“ მიერ შემუშავდა. წიგნის ავტორებს შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კრემლის გაზეთ Российская газета-ს თანამშრომლები არიან. სახელმძღვანელოს 368 გვერდი სავსეა ისტორიებით, რომლებშიც აღწერილია "რუსი ჯარისკაცების გმირული მიღწევები" მე-13 საუკუნიდან დღემდე.
წიგნის ავტორები განადიდებენ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინს და ხაზს უსვამენ დიდ სამამულო ომში [რომელსაც რუსები მოიხსენიებენ, როგორც მეორე მსოფლიო ომს] საბჭოთა გამარჯვებებს. ისინი ასევე დადებითად აფასებენ 2014 წელს რუსი სამხედროების როლს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებაში - მათი თქმით, "ყირიმის რუსეთთან გაერთიანებაში".
„როდესაც 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ახალმა მთავრობამ „ყველაფერი რუსულის“ დარბევა დაიწყო. დაწვეს რუსული წიგნები, დაანგრიეს ძეგლები, აიკრძალა რუსული სიმღერები და რუსულ ენაზე საუბარი... რესტორნების მენიუში „რუსული სისხლის“ კოქტეილები შეიტანეს... სწორედ უკრაინა და ნატო აპირებდა ომის დაწყებას. უზარმაზარი რაოდენობის უკრაინული ჯარი და ჯავშანტექნიკა იყო კონცენტრირებული საზღვრებთან. რუსეთი პატიოსნად იბრძვის - პრიორიტეტს ანიჭებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ხოლო უკრაინის სამიზნე ხშირად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა“, - ამბობენ წიგნის ავტორები.
უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველი ვოლოდიმირ ფესენკო აღნიშნულ სახელმძღვანელოში აღწერილ ისტორიებს "დეზინფორმაციას და სიცრუეს" უწოდებს. რაც შეეხება რუსეთის მთლიანობას, ფესენკოს თქმით, „არსებობს უამრავი მაგალითი, რომელიც ზუსტად საპირისპიროს ადასტურებს. ჩვენ ყველას გვახსოვს ბუჩაში მომხდარი ტრაგედია, სადაც რუსებმა ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ქალები გააუპატიურეს.“
0
0