
„როდის უნდა დაგვირგვინდეს ოლიგარქ ივანიშვილის, მისი უმრავლესობის წევრების და მინისტრების საბოლოო დასანქცირების საკითხი?“, - ამ კითხვით ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის მთავრობას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას მიმართა ბრიფინგზე, რომლითაც გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნისა და რუსული კომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლების მიცემის თაობაზე.
შალვა ნათელაშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება.
„ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს არ მიუღია სინანულით, ან იმით, რომ კრიტიკულად გადახედა საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოსთან. მისი მიზანი არის მოსკოვის ორბიტაზე საქართველოს საბოლოოდ შეთრევა. შემდგომი ნაბიჯი იქნება რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ხელშეწყობით და მისი რეჟიმის გამოყენებით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. შემდგომ, აფხაზეთის გავლით სომხეთისკენ რკინიგზის გახსნა, კავკასიის მთების გახვრეტა ახალი ტრასის გამოსაყვანად და საბოლოო ჯამში, საქართველოს დაბრუნება იქ, საიდანაც საუკუნეების შემდეგ ძლივს დავაღწიეთ თავი. თუ გინდათ, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს გახდეს რუსეთის გუბერნია, ეს სხვა ამბავია და მე ამას ვერ დავიჯერებ. ამიტომ, დროზე დაადეთ ის სამართლებრივი ზომები სანქციების ფინანსური და სავიზო სისტემების გაგებით ყველას, ვინც საქართველოში შექმნა პროპუტინისტური რეჟიმი და საქართველო, როგორც სახელმწიფო, გადააქცია კრემლის იმპერიალისტური, აგრესიული მიზნების გამოსაყენებელ ინსტრუმენტად“, - მიმართა მან აშშ-ს და ევროკავშირს.
0
0