07/12/2023
11:45
მსოფლიო
ჟენევის დისკუსიების 59-ე რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საუბარია ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე.
„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნის თანამედროვე ტიპის შეიარაღებით აღჭურვით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა „გამოთქვეს საერთო ინტერესი ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად“.
რუსეთი იმეორებს „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების დადების აუცილებლობას“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებას.
„მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია „ადგილზე“ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში, ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, ზოგადად სტაბილური რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღინიშნა დისკუსიის გალის ფორმატის მუშაობის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობა.
აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მან გააკეთა შემდგომი შეთავაზებები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ მექანიზმის მუშაობის აღდგენას, „რამაც არ მიიღო ქართველი მონაწილეების მხარდაჭერა“.
0
0