
მოსკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა მზადყოფნა, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან და მიაჩნია, რომ ეს საკითხი არ უნდა დაკუავშირდეს რუსეთის გადაწყვეტილებას, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა განაგრძობს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დაკავშირებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენს პოზიციასთან. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვართ, გავიმეოროთ, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელიც მიღებულია 2008 წლის აგვისტოში, არ ექვემდებარება გადასინჯვას" - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა გამოცემა "იზვესტიას".
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა „სააკაშვილის რეჟიმმა მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სცადა აგრესია მოეხდინა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.
"ახლა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას ექვემდებარება. თავად მასზე უამრავი სარჩელია აღძრული", - აცხადებს ლავროვის მოადგილე.
გალუზინმა „გონივრული“ უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს მისი მზადყოფნის შესახებ, ბოდიში მოეხადა ოსებისთვის 2008 წლის ომის გამო.
"როგორც მესმის, ოფიციალურ თბილის იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი განხორციელდება კონკრეტული ნაბიჯებით საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული რეალობის ფხიზელი აღქმის საფუძველზე", - დასძინა მან.
მოსკოვისა და თბილისის ეკონომიკურ კავშირებზე საუბრისას (რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება, რუსული ენერგორესურსები და მარცვლეული საქართველოსთვის), მან აღნიშნა, რომ ქვეყნებს „აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები“. საქართველოსთან ურთიერთობაში, რუსეთი მზად არის „წავიდეს იქამდე, სადამდეც ქართული მხარე არის მზად წავიდეს“, - თქვა მან.
გალუზინის თქმით, დღეს ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა მოიცავს „დაახლოებით 16 მარშრუტს და დაახლოებით 60 ფრენას“.
"რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში (ის) შეიძლება გაფართოვდეს", - თქვა მან.
ამასთან, მოსკოვი, გალუზინის თქმით, „აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს, როგორც საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხებს.
„ეს სრულიად დამოუკიდებელი თემაა“, - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ „ამ საკითხში შენარჩუნდება ის პრაგმატიზმი და საღი აზრი, რომელიც დღეს აშკარად ბატონობს თბილისში“.
0
0