
„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაუშვეს შეცდომები, რომლებიც ნათლად ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების დაკვეთასა და მოლოდინს.
როგორც ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ოპოზიციის ქცევაზე საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებზე მინიმუმ ორ მთავარ ბლოკად მაინც უნდა გაერთიანებულიყო, თუმცა ამომრჩეველს წარუდგა ოთხი განსხვავებული ცენტრი, რაც მისი თქმით, ოპოზიციური ხმების დაქსაქსვა გამოიწვია.
მისივე თქმით, საზოგადოების იმედგაცრუება სწორედ ოპოზიციური პარტიების ქცევამ გამოიწვია.
„არჩევნებისთვის მომზადება იქნება ეს, გაზაფხულზე, 60 დღეში თუ 2 წელიწადში ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სავალდებულო. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ყველა პოლიტიკური ძალისთვის. ბოლო 1 წლის განმავლობაში, ოპოზიციურმა სპექტრმა დაუშვა ისეთი შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაეშვათ, რადგან ნათელი იყო რა იყო საზოგადოების დაკვეთა და მოლოდინი. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს უპატიებელი შეცდომებია. 2024 წლის არჩევნებში ოპოზიცია მაქსიმ 2 პოლიტიკურ ძალად მაინც უნდა ყოფილიყო გაერთიანებული. რეალურად, წარმოდგენილი იყო 4 შედარებით ძლიერი გაერთიანება. აუცილებლად 2 პოლიტიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო და არა 4-ი.
როგორც ამომრჩეველი და მოქალაქე, მოტყუებულად ვგრძნობ თავს. თუ შარშან პოლიტიკოსები გვეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო დამსხდარიყვნენ, მაშინ წელს რანაირად გახდა შესაძლებელი? ეს იმას ნიშნავს, რომ შარშან ოპოზიციური პარტიებისთვის არ იყო კრიტიკული მომენტი? ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უფრო მძლავრი პროტესტი არ დაიწყო იმიტომ, რომ საზოგადოებას ჰქონდა იმედ გაცრუება, რაც გაყალბებული არჩევნებისგან მიიღო და ეს იმედგაცრუება მიმართა ოპოზიციურ პარტიებისკენ. იყო განცდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გაიღეს საკმარისად და უფრო მეტად საკუთარი „მე“ აინტერესებდათ - საზოგადოებრივ მიზანზე მეტად“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარია, მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს ორგანიზებულად და წინასწარ მოემზადოს არჩევნებისთვის. მისი თქმით, იმის თქმა, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის მზად არ იქნება, ეს საზოგადოებისადმი უპატივცემლობა იქნება.
„წარმოიდგინეთ, „ქართულმა ოცნებამ“ მართლა რომ დანიშნოს არჩევნები და ოპოზიციამ თქვას, რომ „ამისთვის არ ვარ მზად“, ეს არ იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა?“, - აცხადებს ლომჯარია.
ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური რესურსი, მათი მთავარი უპირატესობა სწორედ ორგანიზებულობაშია.
„ერთობამ უნდა გამოასხივოს ხედვა, ძალა, სტრატეგია, სადაც თითოეული ადამიანი დაინახავს თავის როლს - ვიღაც იქნება ამომრჩეველი, ვიღაც დამკვირვებელი , ვიღაც აქტივისტი... ამ ტიპის ორგანიზების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. აუცილებელია წინააღმდეგობა იყოს ორგანიზებული. თუ დააკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ აქვს უდიდესი ფინანსური რესურსი, ასევე სახელისუფლებო და ინსტიტუციური რესურსი, ისინი მაინც ძალიან ორგანიზებული არიან, ძალიან დიდი ხნით ადრე იწყებენ ფიქრს სამომავლო პოტენციურ სცენარებზე და ამისთვის ემზადებიან, მათ შორის, გაყალბებაც ძალიან კარგად იყო - ნაფიქრი და ნამუშევარი იყო“,- განაცხადა ლომჯარიამ.
0
0