
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ხუთშაბათს დილით, ამურის რეგიონში ან-24 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, არავინ გადარჩენილა. როგორც ამურის ოლქის გუბერნატორმა ვასილი ორლოვმა განაცხადა, თვითმფრინავში 49 ადამიანი იმყოფებოდა - 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი.
ამურის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
Angara Airlines-ის თვითმფრინავი ხაბაროვსკი - ბლაგოვეშჩენსკი - ტინდას რეისს ასრულებდა. ფრენის დროს ეკიპაჟს ბორტზე რაიმე პრობლემა არ შეუნიშნავს. ტინდაში დაშვებისას, თვითმფრინავმა პირველსავე ცდაზე ვერ შეძლო დაშვება და აეროპორტს მეორედ შემოუარა, რის შემდეგაც კომუნიკაცია შეწყვიტა. მისი ნამსხვრევები მაშველებმა ტინდადან 15 კილომეტრში, მთის ფერდობზე აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ეკიპაჟის შეცდომა ყოფილიყო დაბალი ღრუბლების გამო ცუდი ხილვადობის პირობებში.
0
0