
„თუ აშშ უკრაინას „Patriot“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას გაუგზავნის, შესაძლოა ამ ნაბიჯს არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს და საფრთხე შეექმნას გლობალურ უსაფრთხოებას,“ - ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
„თუ ეს დადასტურდება, ჩვენ გავხდებით [ბაიდენის] ადმინისტრაციის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის მოწმენი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ გაუძლიერებს ზელენსკის რეჟიმს დაუსჯელობის განცდას და მას უკრაინის ოთხ რეგიონში ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საელჩოს განცხადებაში ასევე გაკრიტიკებულია უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა: „ვაშინგტონის სტრატეგია უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, არამედ დამატებით რისკებს ქმნის გლობალური უსაფრთხოებისთვის“.
მანამდე კი, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, თუ აშშ უკრაინაში „Patriot“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს გააგზავნის, ისინი რუსული სამხედრო ძალებისთვის „ლეგიტიმური სამიზნე“ იქნება, თუმცა პესკოვმა დასძინა, რომ აშშ-ის მხრიდან ამგვარი გეგმის განხორციელებისთვის მზაობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს, რომელშიც უპირატესობა „Patriot“-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაეთმობა.
0
0