27/12/2023
16:47
მსოფლიო
რუსეთის 17 რეგიონში გოგოებს სკოლაში შარვლით სიარული აუკრძალეს. ამის შესახებ mozhemobyasnit იუწყება.
შარვლით სკოლაში სიარულის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ხაბაროვსკის, პრიმორსკის, იაკუტიის, ვორონეჟის, როსტოვის და სხვა ოლქებიდან. აკრძალვა იმის მიუხედავად დაწესდა, რომ ამ რეგიონებში გოგოებს სკოლაში ხშირად -30 გრადუსიან ყინვაში უწევთ სიარული.
აკრძალვას თავად სკოლა წყვეტს. ხშირ შემთხვევაში გვერდიგვერდ მდებარე ერთ სკოლაში ეს წესი მოქმედებს, მეორეში კი გოგოებს შარვლით მისვლა შეუძლიათ.
ამასთანავე, სკოლებში მხოლოდ შარვლის ტარება არ იკრძალება. ხშირად გარკვეული სტილის ზედა ტანისამოსის, მაგ. სვიტერის ტარებაა აკრძალული.
„ეს არის საბჭოთა პერიოდზე უაზრო ნოსტალგიის გამოვლინება. ქალის სხეულის აგებულების გამო ასეთი ტანსაცმლით გაციების ალბათობა 5-ჯერ მაღალია. სრული სისულელე“, - ამბობს ექიმი ევგენი იამბურგი.
ადრე არსებული წესის მიხედვით, რუსეთის სკოლაში გოგოებს შარვლით მისვლა ეკრძალებოდათ, მაგრამ ეს წესი ზამთარში არ მოქმედებდა.
0
0