
თვითმხილველები სოციალურ ქსელ "ტელეგრამის" საშუალებით ავრცელებენ "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანმანქანის სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ჯავშანტრანპორტიორი, რომელზეც სამხედრო ფორმაში ჩაცმული 7 ადამიანი ზის. მათ სახეები შენიღბული აქვთ.
ფოტოები გავრცელდა ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცისა და "ზემო ლარსის" სახელწოდების ტელეგრამ-არხებზე. ფოტოებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს ავტომატები უჭირავთ. ფოტოში ასევე ჩანს ჯავშანმანქანის ნომერი - 430.
ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენასთან დაკავშირებით რუსეთის "ეფესბე" აცხადებს, რომ მას გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საზღვრის გარღვევას შეეცდება.
"ჯავშანტრანსპორტი მოძრაობს, მაგრამ არა საგუშაგოს მოსაწყობად. ეს, უხეშად რომ ვთქვათ, სარეზერვო საშუალებაა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის - თუ რეზერვისტები მოინდომებენ გამშვები პუნქტის გარღვევას და სასაზღვრო ფორმალობების გაუფორმებლად დატოვებენ ქვეყანას. მხოლოდ ამ მიზნით.
არავითარი საგუშაგო არ მოეწყობა. გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა", - განუცხადეს გამოცემა РБК-ს ჩრდილოეთ ოსეთის ალანიის რესპუბლიკაში ეფესბეს სასაზღვრო სამმართველოში.
ამ საკითხზე პასუხის მიღებას, რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც ცდილობს.
თვითმხილველები, რომლებიც საქართველოში გადმოსვლას ცდილობენ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომლებიც "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ რუსეთის დატოვებას ცდილობენ, პრობლემები ექმნებათ.
"ტელეგრამის" ერთ-ერთ ჩატში, რომელიც უკვე 120 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წერენ, რომ კავკასიელებს დაკითხვაზე ცალკე ოთახში აგზავნიან და მათ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.
დღეს, 26 სექტემბერს კურგანისა და ტიუმენის რეგიონების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვისაც შესაძლოა მობილიზაცია შეეხოთ, ხელს უშლიან, რათა არ გადაკვეთონ კურგანის რეგიონში რუსეთსა და ყაზახეთს შორის საზღვარი.
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ცვლილებების გარეშე. შეინიშნება მობილიზაციას დაქვემდებარებული პირების გასვლის მცდელობა, ჩვენ მათ ვაცნობთ, რომ ისინი უნდა გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატში, არ ვუშვებთ საზღვარზე. ყველა კითხვით, რატომ იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება, გაშვებაზე უარის შესახებ უნდა მიმართონ სამხედრო კომისარიატს. განმარტება მათ უნდა მისცენ", - განაცხადეს დეპარტამენტში.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები შეიქმნა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობები გაჩნდა ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვარზე.
0
0