24/03/2022
12:03
მსოფლიო
მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება შესაძლოა, ალიანსის წევრ სახელმწიფოებზეც აისახოს.
„ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ნატო-ს სამიტის მიზანია, ერთობლივი ძალებით მოძებნონ კრიზისის დაძლევის გზები.
„ჩვენ ვხვდებით, რათა ამ კრიზისის დაძლევის გზები ერთობლივი ძალებით ვეძებოთ. ჩვენი ერთობა ახლა ურყევია. პრეზიდენტი ზელენსკი ნატო-ს ლიდერებს მიმართავს. ჩვენგან უკრაინას აქვს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა, რადგან უკრაინამ უნდა შეასრულოს მისი ფუნდამენტური უფლება – დაიცვას საკუთარი ტერიტორია. დღეს ნატო-ს ლიდერები განიხილავენ შორეულ ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივას. ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ გვეყოლება ოთხი საბრძოლო ჯგუფი ოთხ ქვეყანაში, – ესენია ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ასევე განვიხილავთ, რომ ალიანსის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის მეტი გვჭირდება. საჭიროა მეტი ინვესტიცია და იმედია, ლიდერები შევთანხმდებით ამ საკითხზე. დღევანდელი დღე არის დემონსტრაცია იმისა, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად დგანან ამ კრიზისის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უძლიერესი სამხედრო ალიანსი და ამის დასტურია ეს ერთიანობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. მისი თქმით, პუტინმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინის ჯარის ბრძოლისუნარიანობა ვერ შეაფასა.
„პუტინმა ვერ გათვალა, რომ უკრაინას ასეთი ძლიერი მხარდაჭერა ექნებოდა დასავლეთისგან და მიიღებდა დიდ მხარდაჭერას თავდაცვის სფეროში. სწორედ ამ კრიზისის საპასუხოდ ვაძლიერებთ ალიანსის აღმოსავლეთ მხარეს დამატებითი სამხედრო ძალით. ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას და გაწვრთნა ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ვინც ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვის. ახლა უკრაინის ჯარის ბრძოლისუნარიანობა უფრო მაღალია და სამხედრო თვალსაზრისითაც უკეთესადაა აღჭურვილი, ვიდრე 2014 წელს იყო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინული მედიის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა ალიანსი კონფლიქტში, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„ჩვენ უკრაინას გადავეცით ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა. უკრაინას აქვს ალიანსის დიდი მხარდაჭერა, თუმცა ჩვენ არ ვგეგმავთ, გავგზავნოთ ნატო-ს თვითმფრინავები უკრაინაში და არც ნატო-ს სამხედროების გაგზავნა იგეგმება, რადგან ჩვენი მიზანია, თავიდან ავირიდოთ ამ კონფლიქტის ესკალაცია. ალიანსის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების პრეცედენტი რუსეთსა და ალიანსს შორის პირდაპირ ომს გამოიწვევს, რასაც მეტი მსხვერპლი, მეტი სისხლისღვრა და კრიზისის გაღრმავება მოჰყვება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს ჩინეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეუერთდეს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს და რუსეთს მატერიალური დახმარება არ აღმოუჩინოს.
0
0