
ორშაბათს, დილით, რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, ერთი ქალი დაიღუპა.
ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
„დილის 4 საათის შემდეგ რუსებმა კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას S-300 რაკეტები ესროეს. სამართალდამცავების წინასწარი მონაცემებით, კუპიანსკზე დამპყრობლების თავდასხმის შედეგად, ქალი დაიღუპა. დეტალური ინფორმაცია ზუსტდება. დაბომბვის შედეგად ავტოგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა ავტომობილი. დაზიანებულია კერძო სახლების სახურავები“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
გარდა ამისა, დამპყრობლებმა განახორციელეს საარტილერიო დარტყმები ხარკოვის, ჩუგუევისა და იზიუმის რეგიონების დასახლებებზე.
„დღის განმავლობაში ასაფეთქებელი ნივთების აფეთქების შედეგად დაშავდა 2 ადამიანი: 52 წლის მამაკაცი მერეფაში და 66 წლის მამაკაცი იზიუმის რაიონის სოფელ დონეცკში. ორივე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებებში, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის უფროსმა.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად რუსული ჯარების მუდმივი დაბომბვისა, საკუთარ პოზიციებზეა.
0
0