31/08/2023
10:33
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ უფის იზოლატორში გარდაცვლილი ნახეს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დეზერტირობაში იყო ბრალდებული. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.
საზოგადოებრივი სამეთვალყურეო კომისიის ინფორმაციით, ცხედარი აღმოჩენილია სამარტოო საკანში, სადაც ვიდეოკამერის ჩანაწერების მიხედვით, უცხო არავინ შესულა. საქმეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო განყოფილება იძიებს.
ზაფხულის შუა პერიოდში, სამხედრო მოსამსახურემ ილდარ ბ.-მ თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი, რომელსაც უკრაინაში გასაგზავნად ამზადებდნენ. მოგვიანებით ის დააკავეს. აგვისტოს დასაწყისში, როცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის მიჰყავდათ, გაქცევა მოახერხა და უფის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს არ დახურავდნენ. ინციდენტის ადგილზე მისულ, ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ რადი ხაბიროვთან მოლაპარაკების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე პოლიციას ჩაბარდა.
ილდარის დედამ მედიას უამბო, რომ მისმა შვილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ნებაყოფლობით გააფორმა. დედის თანახმად ილდარმა, რომელსაც სასიკვდილო დაავადება ჰქონდა, ამ გზით გადაწყვიტა ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფა.
რადიო თავისუფლება
0
0