01/08/2023
11:56
მსოფლიო
სამი სატვირთო გემი ბერძნული, ისრაელის და თურქულ-ქართული რეგისტრაციით კვირას უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ ტერმინალს მიუხლოვდა დუნაის დელტაში - იტყობინება ჟურნალი Forbes.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური გემები უკრაინის პორტებში შედიან მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ეგრეთ წოდებული მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინული მარცვლეული უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მთელს მსოფლიოში გაიგზავნება. ცნობილია რუსეთის განცხადება, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი მათ მიერ განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად.
„ცნობები იმის შესახებ, რომ სამმა სამოქალაქო გემმა დაუბრკოლებლად მიაღწია უკრაინას, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთს არ სურს, ან არ შეუძლია განახორციელოს გემებზე შემოწმება ამ მომენტში“ - ციტირებს Forbes-ის კომენტარს ომის შესწავლის ინსტიტუტი.
ღია წყაროების ინფორმაციით, სატვირთო გემი Yilmaz Kaptan (Kudret Gezer), რომელიც Forbes-ის გამოცემაში თურქულ-ქართულ სიაშია შეტანილი, ვანუატუს დროშის ქვეშ ცურავს. ის 21 ივლისს ფოთის პორტში იყო, რის შემდეგაც უკრაინისკენ გაემართა. გემი ამჟამად დუნაის დელტასთან ახლოს მდებარეობს.
ჟურნალ Forbes-ის ცნობით, გემები ჩართული ტრანსპონდერებით მიცურავდნენ და არ მალავდნენ კურსს. მათ გავლას ნატოს ოთხი სადაზვერვო თვითმფრინავი აკონტროლებდა. ამ თვითმფრინავებიდან არცერთი არ არის შეიარაღებული, მაგრამ ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები რუმინეთში მზადყოფნაშია.
მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარის თქმიდან მალევე, საპატრულო გემი „სერგეი კროტოვი“ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაიგზავნა. ის არ ცდილობდა შეეჩერებინა იზმაილისკენ მიმავალი უცხოური გემები.
ოდესა, საიდანაც უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი გადიოდა ექსპორტზე, ბოლო დროს რუსეთის მუდმივი სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა. კიევი იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება დუნაის დელტას პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზება.
0
0