04/09/2023
13:12
მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის სააგენტო (GRU) თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჰაკერების დაჯგუფება Sandworm-ს მიერ შექმნილი პროგრამით, უკრაინელი ჯარისკაცების ტელეფონებზე წვდომის მოპოვებას ახერხებს, რითაც საბრძოლო მისიების დაგეგმვისა და შესრულების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.
„ინფორმაციის მოპოვების ასეთი უსამართლო პრაქტიკა, დიდი ალბათობით სენსიტიური სამხედრო ინფორმაციის მოსაპარად გამოიყენებოდა. ეს აქტივობა უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად, რუსეთის მიერ კიბერ შესაძლებლობების მუდმივ გამოყენებაზე მეტყველებს", - ნათქვამია მოხსენებაში.
რუსებმა საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად მავნე კოდი შეიმუშავეს, რომლებიც სამხედრო მობილური მოწყობილობებიდან Starlink-ის სატელიტური სისტემის მეშვეობით იგზავნება. ეს თანამგზავრები კი უკრაინის ბრძოლის ველზე, კომუნიკაციების უზრუნველყოფაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ამასთან დაკავშირებით, უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსი ჰაკერები უკრაინელების პერსონალურ მონაცემებზე ნადირობას აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ, რუსი ჰაკერები მეორადი მანქანის ყალბი რეკლამის გამოყენებით უკრაინაში მყოფი ათობით დიპლომატის კომპიუტერში შეჭრას ცდილობდნენ.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს CNN, აშშ-ისა და დასავლეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთის ფედერაცია კიბერთავდასხმების გამოყენებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მობილურ მოწყობილობებზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა. კერძოდ, საუბარი იყო ანდროიდის სისტემებზე მომუშავე ტაბლეტებიდან ინფორმაციის მოპარვის მცდელობებზე. უკრაინის არმია ოპერაციების დასაგეგმად, სწორედ ამ სისტემაზე მომუშავე გაჯეტებს იყენებდა.
0
0